|
2019-06-26 18:14:14, 1423 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 235 თანამშრომელი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. 20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალს მადლობის სიგელები დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გადასცა. მათ მუნიციპალიტეტის მერიისგან ასევე, ფულადი ჯილდო გადაეცემათ. „დღეს მქონდა პატივი, პირადად გადამეხადა მადლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებისთვის იმ სამუშაოსა და სამსახურისთვის, რომელიც მათ 20-21 ივნისის განმავლობაში, მოქალაქეებს გაუწიეს. ასევე, იმ სამსახურისთვის, რომლითაც მათ წვლილი შეიტანეს ბევრის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში. ამ ადამიანების ღვაწლი და დამსახურება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში საკმაოდ დიდია არა მარტო ამ ორი დღის განმავლობაში, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში. ეს ადამიანები ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს, რისთვისაც მათ მუნიციპალიტეტის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადეთ. თითოეულ თანამშრომელს დედაქალაქის მერისა და მთავრობის სახელით მადლობის სიგელები და ასევე, ფულადი ჯილდოები გადაეცემა. ამ ადამიანების სამსახური ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ჩვენი მოქალაქეების მომსახურება უკეთეს პირობებში შეძლონ“, - განაცხადა ხმალაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ღირსების მედალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის საქართველოს პრეზიდენტმა „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს გადასცა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)