|
2018-09-12 16:32:02, 746 ნახვა
საზოგადოება
„აქციის მონაწილეებს ერთმევათ კარვების განთავსების შესაძლებლობა, რაც შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაა“ - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება ჰქონდათ. "სახალხო დამცველის შეფასებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული შემთხვევაში არ იკვეთებოდა, რომ კარვის დადგმა გამოიწვევდა შენობის შესასვლელებისა და საავტომობილო გზის ბლოკირებას ან დაწესებულების საქმიანობის შეფერხებას, აღნიშნული სრულად არის დაცული შეკრების თავისუფლებით. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა წარსულში მომხდარ მსგავს ფაქტებს, როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ხელს უშლიდნენ კარვის და გასაშლელი საწოლის განთავსებასა და ბანერების გაშლაში და შეაფასა შეკრების უფლებაში ჩარევად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვა. გასათვალისწინებელია, რომ აქციის მიმდინარეობისას კარვების და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მონიტორინგი გაუწია სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მიღებული განმარტებით, აქციაზე იმყოფებოდნენ სავარაუდოდ ნასვამი პირები, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ. მისივე მითითებით, ვინაიდან კარავი შეიცავდა ლითონის კონსტრუქციას, შემდგომში რაიმე დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით ჩამოართვეს. სახალხო დამცველის აპარატი ვერ გაიზიარებს აღნიშნულ განმარტებას, რამდენადაც მონიტორინგის შედეგებით, აგრეთვე მედიით გავრცელებული ინფორმაციით იკვეთება, რომ აქციის მონაწილეთა აგრესია სწორედ მათთვის კარვის გაშლის შესაძლებლობის შეზღუდვამ გამოიწვია და ამ შეზღუდვამდე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ქონია. სამწუხაროა, რომ აქციის მონაწილეებს კვლავ ერთმევათ დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობა, რაც შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელს სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტით არ შეუშალონ ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზებას.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)