2017-08-11 10:27:53, 2647 ნახვა
სამართალი
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან