20:20 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-21 16:36:02, 282 ნახვა

საზოგადოება
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა

ირანთან დაკავშირებულმა იემენის ჰუსიტურმა დაჯგუფებამ ორშაბათს საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის დაწყების შესახებ განაცხადა.

საპასუხოდ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამეფო „ყველა აუცილებელ ზომას“ მიიღებს საკუთარი სავაჭრო გემების დასაცავად, განსაკუთრებით იმ ხომალდებისთვის, რომლებიც ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გადაადგილდებიან. აღნიშნული სრუტე საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად ჩაიკეტა.

ჰუსიტების განცხადებით, გადაწყვეტილება იემენზე საუდის არაბეთის მიერ დაწესებული „უსამართლო და მჩაგვრელი ალყის“ საპასუხოდ მიიღეს.

„ვაცხადებთ საზღვაო ემბარგოს კრიმინალური საუდელი მტრის წინააღმდეგ, „თვალი თვალის წილ“ პრინციპით,“ – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

იემენი უკვე ათ წელზე მეტია სამოქალაქო ომშია ჩართული. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტებმა დედაქალაქი სანა დაიკავეს. 2015 წელს კი, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიციამ ქვეყანაში ინტერვენცია დაიწყო.

ჰუსიტების მუქარა იმ დროს გავრცელდა, როდესაც თეირანი და ვაშინგტონი დიპლომატიური კონტაქტების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შუამავლებისგან რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა მათი შინაარსი არ გაუმჟღავნებია.

Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის განმავლობაში ირანი ჰუსიტებზე ზეწოლას ახდენდა, რათა აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, მათ ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჩაეკეტათ.

Reuters-თან საუბარში ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ თეირანმა შუამავლების მეშვეობით 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღო, რომლის მიზანიც დროებითი შეთანხმების შენარჩუნებაა. თუმცა, არც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც სააგენტოს წყაროს მოლაპარაკებების დეტალები არ დაუსახელებია.

ამასთან, პაკისტანის მთავრობის ორმა დამოუკიდებელმა წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ესკანდარ მომენიმ, ისლამაბადს კონფლიქტში შუამავლის როლის კვლავ შესრულება სთხოვა. მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებების გასამართად მომენი მოგვიანებით პაკისტანის დედაქალაქშიც ჩავიდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics