|
2024-12-03 21:07:03, 428 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით. „გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე დღეს, მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 1-ელ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)