|
2022-04-06 12:00:45, 1222 ნახვა
საზოგადოება
უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტმა კიდევ შვიდი ბინა შეიძინა
თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ შვიდი ბინა შეიძინა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები, დაახლოებით, 60 ბინით დაკმაყოფილდებიან, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით კი, ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, რაიონულ გამგეობებსა და მერიას მიმართონ. „მოგეხსენებათ, წარმატებით მიმდინარეობს თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი. კიდევ შვიდი ბინა შევისყიდეთ სხვადასხვა ოჯახისთვის. ჯამში კი, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე შესყიდულია 20 ბინა. ახლად შესყიდულ ფართებს, ისევე, როგორც აქამდე შესყიდულ ბინებს, მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს გადასცემს. პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება. წელს, დაახლოებით, 60 ბინით დავაკმაყოფილებთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს. რაც შეეხება სტატუსის მოპოვების პროცედურას, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც გამგეობებს, ისე მერიას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ერთი მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, მეორე მხრივ კი, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორცილება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. შესაბამისი სამსახურების მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება, რომ კონკრეტულ ადგილებზე მსგავსი შემთხვევები არ მივიღოთ. მეორე მხრივ კი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით. შეიძლება პირველ ეტაპზე ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს, მაგრამ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, ამ ოჯახების ქირით გაყვანას ისე, რომ ქუჩაში არავინ დავტოვოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)