|
2021-02-21 20:16:44, 381 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, საერთაშორისი სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებებით. „ამ ორი თვის განმავლობაში, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის და მთელი სახელმწიფოს უმთავრესი წარმატება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაა, რამაც დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამებისათვის; ეთნიკურად ქართველების დაკავებასა და არაადამიანური მოპყრობისთვის... ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები განსახორციელებელი ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ერთი წლის ვადაში უნდა წარვადგინოთ დეტალური ინფორმაცია და მასალები თითოეული დარღვევის მიხედვით და მოვითხოვოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს, ცხადია, მოითხოვს იუსტიციის სამინისტროს და კოლეგა უწყებების ისეთივე ეფექტურ თანამშრომლობასა და ტიტანურ შრომას, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ დავის მოსაგებად. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაიწყოს კომპენსაციის გარდა სხვა ღონისძიებების განხორციელება გადაწყვეტილების აღსასრულებლად“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა, აგრეთვე, ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზეა და ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას რუსეთის მხრიდან. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო განიხილავს სხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურების შესაძლებლობასაც. „ჩვენ, აგრეთვე, გვაქვს პროგრესი ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმართულებით. კერძოდ, თუ აქამდე რუსეთი სრულად ეწინააღმდეგებოდა დაკისრებული კომპენსაციის გადახდას, ბოლო კომუნიკაციების შედეგად იკვეთება პერსპექტივა, რომ ის დათანხმდეს თანხის გადახდას ევროსაბჭოსთვის, რის შემდეგაც მოხდება კომპენსაციის დაზარალებულებისთვის განაწილება. საკითხის თაობაზე მეტი დეტალები ცნობილი გახდება მინისტრთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰააგის გამოძიების შესახებაც ისაუბრა. „სამინისტრის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომ მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ, ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისათვის, რომ ჰააგის მიმართულებითაც მივაღწიოთ ისეთივე დიდ წარმატებას, როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოში შევძელით“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, რაც აუცილებელი წინაპირობა იქნება 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრების განაცხადების შესატანად. აქტიურად გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია სამინისტროს სისტემის ფარგლებში.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)