|
2015-07-10 13:43:03, 743 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილების ახალი წესი დაამტკიცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე - მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა ინერგება, რაც უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება. ამით უწყება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რითაც საბოლოოდ უარს ვამბობთ სისტემის მოწყობის საბჭოურ მოდელზე და ვიზიარებთ ევროპულ სტანდარტებს. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მუდმივად არღვევენ წესრიგს, არიან კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილები და საფრთხეს უქმნიან სხვა მსჯავრდებულებს, განთავსდებიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, სადაც მათ სასჯელის მოხდის მკაცრი პირობები განესაზღვრებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ორიენტირებულები არიან რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე, დაბალი რისკის და შესაბამისად, მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში განთავსდებიან“, - აღნიშნა მინისტრმა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას პიროვნების, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკის მიხედვით. მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან. საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული - ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული - დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული - განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამასთან, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)