|
2018-10-11 14:12:28, 3327 ნახვა
სამართალი
HRIDC: ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე ე.წ. ნეონაცისტებმა მოკლეს
ჩართულობის და განვითარების ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ, ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას რიგი გარემოებები არსებობს, რაც შეშფოთებას იწვევს. კერძოდ, უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. "ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე. როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს. შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს", - აცხადებენ ორგანიზაციებში. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. მათივე თქმით, ვიტალი საფაროვის მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით. "მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას", - აცხადებენ ორგანიზაციებში. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საფაროვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება. შეგახსენებთ, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი თბილისში, 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. იგი, მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)