|
2017-03-21 12:32:35, 1165 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფისა (Pompidou Group) და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თანამშრომლობით ტარდება. კონფერენციის გახსნით სიტყვაში გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, მუდმივ რეჟიმში მუშაობს საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწისათვის, რათა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა საქართველოში მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს მიზანია, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მეორე მხრივ კი, განვითარდეს ნარკომანიასთან ბრძოლის სამედიცინო-სოციალური ასპექტები. „უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესი კომპლექსურია, მით უფრო, როცა სასწორის ერთ პინაზე საჯარო წესრიგი და საზოგადოების უსაფრთხოება, ხოლო მეორეზე ისეთი მგრძნობიარე თემა დევს, როგორიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უზრუნველყოფაა“, −განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, მიმდინარე კონფერენციის მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება ნარკოდამოკიდებული პირების ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სანქციების გამოყენების კუთხით საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა ქეთევან სარაჯიშვილმა. მან საქართველოში ნარკოპოლიტიკის განხორციელების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მონაწილეთა წინაშე თემატური პრეზენტაციებით წარდგნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენცია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის − „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეაგირება ნარკოდამოკიდებული პატიმრების საკითხებზე“ − ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ნორვეგიის, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, სლოვენიის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და ბელარუსის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)