|
2016-04-02 12:31:11, 380 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: გვჯერა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, კონკრეტულად კი, ტერორისტულ აქტს ბრიუსელში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. „შეშფოთებული ვარ სწრაფად მზარდ საფრთხეებთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, მოწოდებულია სრულად და საუკეთესო გამოცდილების მიხედვით გამოიყენოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს ჰიბრიდული ომის ახალ საფრთხეებს, გლობალურ ტერორიზმსა და კიბერ-თავდასხმებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის მიერ წარმოებულ კრიზისის მართვის ოპერაციებში და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში. გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ლტოლვილთა კრიზისი და ტრაგიკული მოვლენები ბრიუსელში უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაში. „ამ კონტექსტში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების მიღებას. გვჯერა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის, და ეს გახდება იმის დემონსტრირება, რომ რეფორმები ხელშესახებია და სახელმწიფოები "მეტი მეტის სანაცვლოდ" პრინციპის შესაბამისად იმოქმედებენ", -განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს რუსეთის მიმართ რაციონალურ მიდგომებს, თუმცა პოლიტიკურ დისკუსიებში ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმების შედეგად უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამწვავების და ასევე რუსეთის მიერ ე.წ "საზღვრის ნიშნების" - მავთულხლართების გაბმის პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო. მისივე განცხადებით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებას და დააფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას მისი მანდატის გაგრძელების შესახებ.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)