|
2025-08-13 11:22:28, 1725 ნახვა
სამართალი
შსს-მ თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავა
შსს-მ, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა“, – განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ. მისივე ცნობით, დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან რვა პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ოთხი პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები. დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები“, – აღნიშნა ირაკლი დონდოლაძემ. მისივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა. „აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართული იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები“, – განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. „აქვე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს, რომლის ნათელი მაგალითია ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)