|
2015-10-02 12:57:08, 425 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ერთიანი საერთაშორისო პოზიცია ერთადერთი მექანიზმია, რომელიც აგრესორ სახელმწიფოებს მშვიდობის დარღვევაში ხელს შეუშლის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის თემატურ სესიაში - მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება (Maintenance of Peace and Security) მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ინფორმაციით, გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რეგიონსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების გარემოზე. "სამწუხაროდ, რეგიონული და საერთაშორისო არასტაბილურობის მთავარ მიზეზად კვლავ რჩება უფრო „ტრადიციული“ საფრთხეები, რომლებსაც სამხედრო ექსპანსია და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ქმნის. მიუხედავად ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში არსებული მოლოდინებისა, დღევანდელ ევროპაში ვერც კონფრონტაცია აღმოიფხვრა და ვერც მშვიდობა დამყარდა. ევროპული უსაფრთხოება კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ. საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს ყირიმის ანექსიასა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მან საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. "საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთი მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. ეს პოლიტიკა გამოიხატა მოსკოვის მიერ ათობით ე.წ. „ხელშეკრულებისა“ და „შეთანხმების“ გაფორმებაში, რაც სამხედრო ძალების აღნიშნულ ტერიტორიებზე უკანონოდ ყოფნის საფუძველს ქმნის და სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროში ჩარევას გულისხმობს. ამგვარი ქმედებებით, რუსეთი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ევროპული მომავლისა და დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ საქართველოს მიერ გაკეთებულ არჩევანს ეფუძნება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე საქართველოს მზადყოფნა დაადასტურა. მისი თქმით საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს დიპლომატიისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, რასაც მოწმობს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, ასევე საქართველოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს მთავარ ფორუმს რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მიზნით. "მოსკოვი კი უარს ამბობს იკისროს საქართველოს მიერ ცალმხრივად ნაკისრი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, აფერხებს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დისკუსიის გამართვას და ხელს უშლის რაიმე პროგრესის მიღწევას წმინდად ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორიცაა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება", - აღნიშნა მინისტრმა. კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტურ პრინციპებს. "ამ პრინციპების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ერთიანი საერთაშორისო პოზიცია ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო წესრიგის დამყარებასა და ხელს შეუშლის აგრესორ სახელმწიფოებს მშვიდობისა და უსაფრთხოების აღმოფხვრაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)