2017-07-26 16:10:37, 2813 ნახვა
სამართალი
უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა
უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ ჩერნოვეცკის 14 ივლისს შეატყობინა, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
კიევის ყოფილ მერს გამოძიება არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
„იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა“, - განაცხადა პროკურატურის პრეს-მდივანმა ლარისა სარგანმა.
ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებით, მისი ეჭვმიტანილად გამოცხადება გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შურისძიებაა.
ცნობისთვის, ჩერნოვეცკი კიევის მერის თანამდებობას 2006-2012 წლებში იკავებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან