2016-07-08 15:16:40, 576 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართება
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ესაა პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატო-ს სამიტის ფარგლებში ტარდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ის რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილია მნიშვნელოვან ფორმატებში, ხაზს უსვამს ალიანსის მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.
"ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც საქართველო წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებში, მათ შორის პირველად სამიტის ფარგლებში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში, ეს ყველაფერი არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან