|
2020-07-27 15:55:21, 2099 ნახვა
სამართალი
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სამ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა
პროკურატურამ, ვ.ტ.-ს მიმართ განზრახ ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კიდევ სამ პირს - ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულ საქმეზე, ასევე ი.ქ.-ს, ვ.ჯ.-ს და ო.კ.-ს ბრალი წარედგინათ 5 ივლისს, ხოლო გ.რ.-ს - 7 ივლისს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ., გ.რ., ი.ფ., ი.ა, და ზ.ო. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვ.ტ.-ს, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ასევე, ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ, ი.ფ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ ვ.ტ. თავდამსხმელებმა ი.ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს. იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ო.კ. 4 ივლისს, ხოლო გ.რ. 5 ივლისს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაუსწრებლად ბრალდების წარდგენის შემდეგ, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)