20:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:15:38, 2515 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები ციხეს 2 თვეში დატოვებენ

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამამართლებელი  განაჩენი არ გამოიტანა.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ მუხლი გადაკვალიფიცირდა და ისინი სასჯელს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მოიხდიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ანუ, სასამართლომ  დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა.

სასამართლო კოლეგიამ  ბრალდებულები 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მაგრამ თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს  პატიმრობაში გატარებული დრო სასჯელის სახედ ჩაეთვალათ და ისინი ციხეს დაახლოებით,  ორ თვეში დატოვებენ.

როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის 16 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თავდაცვის სამინისტროს  მაღალჩინოსნები დამნაშავედ სცნო და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათვე 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.   

გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურს ბრალად ედებოდათ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.

საქმეზე პირველ ინსტანციაში გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე,  ასევე, თავად ბრალდებულები.

აღნიშნული განაჩენი დაცვის მხარემ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics