2016-06-10 16:02:54, 771 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, ილარიონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.
„ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან