|
2026-07-13 11:32:03, 263 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, პროექტის შედაგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. „საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული. აეროპორტის გაფართოება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და ქვეყნის საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. • გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება; • მოეწყობა საჰაერო ხომალდების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი; • ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი; • გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი; • დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი; • განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება; • გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა. პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება. პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება. ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. „ტავ ჯორჯია“ არის ფრანგული Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია, მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. „ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“,- აცხადებენ კოპანიაში.
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)