10:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 12:59:18, 395 ნახვა

სამართალი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ლომიძე სხდომაზე გამოცხადებაზე და დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა. ამასთან, ოქმში მითითებული იყო, რომ ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ ლომიძე გამოცხადებაზე უარს კი არ აცხადებდა, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასწრება არ შეუძლია. ამასთან, ადვოკატის თქმით, მას ბრალდებული 18 იანვრის შემდეგ არ უნახავს, ვინაიდან ციხეში შეხვედრების ოთახამდე ბრალდებული ვერ გამოდის, ადვოკატს კი საკანში არ უშვებენ.

ვარდიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფეხისა და ხერხემლის არეში ტკივილები აქვს, მას დაკავებამდე ფეხზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, დაკავების პროცესში განხორციელებულმა ძალადობამ კი ტკივილის პროვოცირება მოახდინა. ადვოკატის განმარტებით, ლომიძე საწოლიდან ვერ დგება და საპირფარეშოში გასვლაშიც მას თანამესაკნეები ეხმარებიან.

ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics