|
2025-08-13 13:09:20, 2460 ნახვა
პოლიტიკა
მედიის შეზღუდვა, ძალადობა, დაუსჯელობა – სახდეპი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება, რომელიც "სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენება" და ე.წ. ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული სახეობების კრიმინალიზაციას ახდენს. ანგარიშში, ასევე, საუბარია დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიაზეც, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები "წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორის, მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა". სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან მიმართებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა. პრესის თავისუფლების შესახებ აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. ანგარიშში საუბარია საქართველოში მომხდარ თავდასხმებზე, დაკავებებსა და ზეწოლაზე და აღნიშნულია, რომ ცნობები მოქალაქეების, ჟურნალისტების თუ სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ "მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა და ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება". დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, ევროინტეგრაციის შეჩერების შემდგომი აქციების დროს ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტი. ასევე, საუბარია ამ პერიოდში ჟურნალისტებისა და აქტივისტების განცხადებებზე შევიწროებისა და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების მიღების შესახებ, ვანდალიზმის შემთხვევების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელებით დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც პოლიცია არ ერეოდა მედიის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებზე ე.წ. ტიტუშკების მხრიდან თავდასხმებში და "ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათ ხელმძღვანელობდნენ ან მათთან თანამშრომლობდნენ". გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ხელისუფლების მხრიდან კანდიდატებისა და ამომრჩევლების გამოხატვის თავისუფლების იძულებისა და დაშინების გზით შეზღუდვის მცდელობებზე.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)