|
2025-04-26 12:07:26, 938 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდა
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დავითაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის უფროს დირექტორს, ენდრიუ პიკს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ენდრიუ პიკი 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში ირანისა და ერაყის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპისა და რუსეთის საქმეთა უფროსი დირექტორის თანამდებობა დაიკავა, საიდანაც 2020 წლის იანვარში წავიდა. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პიკი ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპის საკითხებში უფროს დირექტორად დაინიშნა. მიმდინარე წლის მარტში, რიადში, მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. დავითაშვილის თქმით, ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან „მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები, რომლებიც სრულად ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპის ხედვას“. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს „პოზიციების მჭიდრო თანხვედრა, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფართო პერსპექტივებს ხსნის“. „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრმა სინანული გამოთქვა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა „ფორმალურად შეჩერებული“ იყო. თუმცა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აჩვენებს „მტკიცე პოზიციას ამ თანამშრომლობის განახლებისა და გაღრმავების საკითხში, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება“. მანამდე დავითაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა. მან ასევე შეხვედრები გამართა ვაჭრობისა და ფინანსთა სამინისტროებში, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. „ქართული ოცნების“ მიერ რეპრესიული კანონების მიღებისა და 2024 წლის ბოლოს თბილისში აქციების დარბევის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვისთვის“.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)