14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 16:30:58, 373 ნახვა

საზოგადოება
თბილისი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს ZERO COMPROMISE მასპინძლობს

ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორდღიან ფესტივალში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფესტივალის მონაწილე მარნების პროდუქციას გაეცნო.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართვლოს მასშტაბით არაერთი ღვინის ფესტივალი,  გამოფენა, კონკურსი თუ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიება იმართება. „ZERO COMPROMISE“ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალია, სადაც ბევრი და საინტერესო მარანია წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით. ფესტივალი  ემსახურება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე მდგომარეობის წარმოჩენას, სამომხმარებლო კულტურის გაზრდას და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია, ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აღნიშნულ ფესტივალს ესწრებიან ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები.

ამასთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგის ჩაატარებს სემინარს „კლიმატის კრიზისი და მისი გავლენა ბუნებრივ ღვინოზე”, დანიელი იმპორტიორი და ვიზიონერი სუნე როსფორტი სემინარს „რეგიონის ევოლუცია ბუნებრივი ღვინისთვის“, ხოლო ესპანელი სომელიე და ენოლოგი ნურია რენომი უძღვება ღვინის კუთხეს: „ემოციის განცდა ღვინოში ვენახიდან ჭიქამდე". 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics