|
2024-03-29 22:07:00, 873 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 3 პირს და ქრთამის მიცემისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ. "აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 - 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)