|
2023-03-08 21:29:19, 819 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ის თანამომხსენებლები - მკაცრი რეკომენდაცია იქნება, პარლამენტმა კანონპროექტი განხილვიდან სრულად ამოიღოს
პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განიხილოს, - ამის შესახებ საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) განცხადებაშია აღნიშნული. PACE-ის თანამომხსენებლები მიიჩნევენ, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის შემდეგაც, გაუგებარია, რამდენად შესაძლებელი იქნება ქართულ საზოგადოებაში ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად. "ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განიხილოს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)