|
2022-10-05 15:56:14, 1452 ნახვა
სამართალი
ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, ადეიშვილისა და ჭაკუას გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ ძალაში დატოვა
პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. 2012 წლის 17 სექტემბერს, ამ უკანასკნელმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს უნდა განეხორციელებინათ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა „დაბრალებოდა“ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“. „იუსტიციის იმჟამინდელ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს ამავდროულად, საჯაროდ უნდა გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება. 2012 წლის 17 სექტემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისგან“ გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ერთი პირი საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა. 2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით,საზოგადოებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკვეთით. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა” - აღნიშნულია განცხადებაში.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)