|
2019-11-30 10:21:17, 1247 ნახვა
პოლიტიკა
„იმოქმედეთ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად“ – „სირცხვილია“ ოპოზიციას მიმართავს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრელებს. მოძრაობა ოპოზიციას მოუწოდებს, იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით, ერთადერთი შედეგის მისაღწევად - პროპორციული არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ისინი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. მათივე თქმით, თუ შედეგი არ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინის შესაბამისი, ამას მწვავე რეაქცია მოყვება. „სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 30 წლის განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 2019 წლის 24 ივნისს ეს ხანგრძლივი ბრძოლა “სირცხვილიას” ხალხმრავალი მანიფესტაციებისადმი ხელისუფლების დათმობით დაგვირგვინდა. ქვეყნის სამსახურში ჩამდგარ ხალხს ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს სამართლიან საარჩევნო სისტემას დაპირდა. ბიძინა ივანიშვილის მორიგმა ტყუილმა და უკან წაღებულმა პირობამ პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. კამპანიამ “ერთად ერთის წინააღმდეგ” სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. ორგანიზებული გამოსვლებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ოპონენტებს შეხვედროდა, რათა ე.წ. გერმანული მოდელის თაობაზე ემსჯელა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში. თუმცა, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება. თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად - პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად. გვინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ვერ მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე. თუ მოლაპარაკებების პროცესი ან მისი შედეგი არ იქნება შესაბამისობაში სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინებთან, ამას მოყვება უმწვავესი რეაქცია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ განცხადებაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)