|
2018-05-30 14:16:06, 1428 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში
„საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვულოცავ ორ მეგობრულ ერს გამორჩეულ თარიღს - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლის იუბილეს. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინა განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. „სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენ ძვირფასს სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა და ვუსურვო მას წარმატებები და მიღწევები ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა: „დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ. მიუხედავად უკვე არსებული ინტენსიური თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, არის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას. გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. „უახლოეს პერიოდში შედგება სამუშაო ჯგუფებს შეხვედრა და მომზადდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ასევე, გამოვყავით ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ კომისიის ფარგლებში უნდა გავამახვილოთ ყურადღება და შევთანხმდით პრინციპებზე, რომლებზეც იქნება აგებული მომავალი მუშაობის დღის წესრიგი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)