|
2018-04-26 19:48:19, 1974 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს იმ კრიზისის აღიარებას, რომელიც მისი არაფორმალური მმართველობით შეიქმნა
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს. თუმცა, როგორც გოგუაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ნიშნავს იმ კრიზისის აღიარებას, რომელიც სახელმწიფოში მისი არაფორმალური მმართველობის შედეგად შეიქმნა. „ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მიმაჩნია ის, რომ იგი ასე თუ ისე ფორმალური თანამდებობის პირი ხდება, რადგან არაფორმალური მმართველობა საერთოდ გასული იყო სამართლებრივი სივრციდან. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ ვიცით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები მართავენ და ინსტიტუტის წარმომადგენელი მართავს მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ მივიღებთ ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობს, საბჭოთა კავშირის დროს რა ფუნქციაც ჰქონდა კომუნისტურ პარტიას და მის გენერალურ მდივანს. პარტია იყო ყველაზე მაღლა და მისი გენერალური მდივანი იყო მთავარი ფიგურა, რომელსაც ჰქონდა მორჩილება სხვადასხვა ინსტიტუტების. ივანიშილი ფორმალურად არა, თუმცა არაფორმალურად ისევ იქნება უფროსი პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ყველა ინსტიტუციის“, - განაცხადა გოგუაძემ. მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოსვლა, ქვეყანაში არსებულ ინსტიტუციურ კრიზისს ვერ გადაჭრის. „ეს არის ცალსახად კარგი, რადგან მითები დასრულდება ამ ქვეყანაში, რომ ბიძინამ არ იცოდა, ბიძინა რომ ყოფილიყო სხვანაირად იქნებოდა. ახლა ყველას გვექნება იმის განცდა, რომ ბიძინამ იცის ყველაფერი და უშუალოდ არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რომელიც სახელმწიფოში მიმდინარეობს, მაგრამ მისი პარტიის თავმჯდომარედ მოსვლა, ინსტიტუციურ კრიზისს, რომელიც ამ ქვეყანაშია, ვერ გადაჭრის. მისი უფლებამოსილება იქნება განუზომლად დიდი, ვიდრე ეს ევროპული დემოკრატიული პარტიების თავმჯდომარეების უფლებამოსილებაა. სულ ვამბობდი, რომ ჩვენთან არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც პრემიერია იმიტომ, რომ არცერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობის მიხედვით და ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებდა არაფორმალური მართველი. ახლა ეს იცვლება და მას ექნება უფრო ფორმალური თანამდებობა, იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური თავმჯდომარე", - აცხადებს გოგუაძე. ამასთან, იგი გამორიცხავს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს. „მე გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი ან პრეზიდენტი გახდეს, რადგან პარტიის თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტის უფროსიც და პრემიერის უფროსიც და მას არ სჭირდება თავისი სტატუსის ფორმალიზება და ინსტიტუციონალიზება. ყველაზე მეტი ინსტიტუციონალიზება პარტიის თავმჯდომარეობაა, ამიტომ მე მისი პრეზიდენტობა საერთოდ გამორიცხული მგონია“, - განაცხადა გოგუაძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ფაქტორი „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებაა. „ივანიშვილი ბევრი ფაქტორის გამო მოვიდა, მათ შორის იმის გამო, რომ ყოველდღიურად კარგავს „ოცნება“ რეიტინგს. მათ შორის მე ვთვლი რომ, მისთვის პიროვნულადაც ძალიან შემაწუხებელი გახდა არაფორმალურ მმართველობაზე მუდმივი მითითებები, რაც ისმის ამ ბოლო დროს დასავლეთიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან. მან დაინახა, რომ ეს არა თუ ქვეყნის, არამედ მისი პირადი პრობლემაც შეიძლება გახდეს. ძალიან უსინდისო უნდა იყო არ აღიარო, რომ მისი გამოჩენა აძლიერებს პარტია „ქართულ ოცნებას“ მის მომხრეებში. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ამომრჩეველი ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და მისი ფაქტორი რა თქმა უნდა იქნება ამომრჩევლის გამხნევების ფაქტორი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)