2016-04-20 18:39:13, 534 ნახვა
საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით 20-21 აპრილს 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან