|
2026-06-22 17:52:45, 3644 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
23 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზაფხულის პლენარულ სესიაზე განიხილავს საქართველოს შესახებ ანგარიშს. ანგარიში, სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, მოამზადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა. ავტორები წერენ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, ისევე როგორც ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და განსხვავებულ აზრზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არცერთი რეკომენდაცია, რომელიც სასწრაფო განხორციელებას მოითხოვს, არ შესრულებულა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას, შეასრულოს ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობით გამოწვეული ვალდებულებები. ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასამბლეა ერთგულია „ღია და შედეგებზე ორიენტირებული“ დიალოგისა როგორც თბილისთან, ასევე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ინიციატივა, რომელიც ეფექტურად კრძალავს საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიას და ადანაშაულებს მათ ლიდერებს პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით, მიუღებელია“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კურსს გააგრძელებს, ასეთი ქმედებები ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს, რაც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და დემოკრატიის პრინციპებს დაარღვევს და შეუთავსებელია საქართველოს ევროპის საბჭოში წევრობასთან. „ასამბლეა მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და შეწყვიტოს მათი ლიდერების უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა“, - ნათქვამია ანგარიშში. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა „აღდგეს ქვეყანაში ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიოდ გამოხატული მოლოდინებისა და მისწრაფებების შესაბამისად“. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვები, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ინდივიდუალური მომიტინგეების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“. ამ კონტექსტში ნახსენებია ნიკა მელია და ელენე ხოშტარია.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)