|
2026-05-06 17:16:09, 519 ნახვა
პოლიტიკა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეკლესიაში დღეს არსებულ მდგომარეობსა და გამოწვევებზე რეაგირების შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარი ხედვები გამოაქვეყნა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები „გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე, და მოხედე ვენახსა ამას, და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან“ ძვირფასო ძმანო და დანო, დედანო და მამანო, დედა ეკლესიისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლოს წინაშე, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა, კათოლიკოს-პატრიარქთა და მამამთავართა წინაშე, ქედს ვიხრი სიმდაბლითა და მორჩილებით, და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით. წმიდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივი ღვაწლის შედეგად, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარადიულმა სიტყვამ პირველივე საუკუნეში შემოაღწია ქართველთა შორის და მის გულში ჰპოვა დასაყრდენი, ხოლო IV საუკუნეში, კაპადოკიელი ქალწული ნინოს ქართლში მობრძანებით და ღვთის სიტყვის დაუცხრომელი ქადაგებით, ზეგარდამო მადლმა მოიცვა მეფე მირიანი: თხოთის მთაზე აღსრულებული სასწაულის შემდეგ, მცხეთის უწმიდეს ემბაზში ნათელ იღო მეფის ოჯახმა, სამეფო კარმა და ერის დიდებულებმა, რითაც სათავე დაედო ქრისტეს სჯულზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ დღიდან მოყოლებული, 1700 წლის განმავლობაში, სისხლხორცეულად შეითვისა და შეიყვარა ქართველმა ერმა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის ჯვარცმული, და შემდგომად სამისა დღისა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი - იესო ქრისტე, და საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანობა ქართველთა იდენტობის ნაწილად იქცა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია V საუკუნიდან ანტიოქიის ეკლესიისგან ხელდასხმით ხდება ავტოკეფალური და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, იკავებს გამორჩეულ საპატიო ადგილს; ქართველი ერის სულიერ ცხოვრებას საუკუნეთა განმავლობაში უძღვებოდნენ მთავარეპისკოპოსები, კათოლიკოსები, კათოლიკოს-პატრიარქები; ასე მოვედით დღემდე, მიუხედავად ჟამთა ავბედითობისა და დიდი განსაცდელებისა. მიმდინარე წლის 17 მარტს ღვთივმიიცვალა ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II; დაქვრივდა საქართველოს საპატრიარქო ტახტი. საქართველოს სამოციქულო ეკლესია დადგა უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე: არჩეულ უნდა იქნას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლისა საქართველოისა. ჩვენ აღმოვჩნდით განუზომელი პასუხისმგებლობის ქვეშ, როგორც ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიული წარსულის, ისე მისი მომავლის წინაშე. ვირჩევთ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს; ვირჩევთ უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე. არჩევნებში მონაწილეობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 39 მღვდელმთავარი, თუმცა არჩევნების შედეგი სამომავლოდ აისახება როგორც ჩვენი დედა ეკლესიის, ასევე ერისა და ქვეყნის ცხოვრებაზე. ამიტომ, დიდი სიმდაბლითა და მოკრძალებით, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით დედა ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლი, როგორც სამთაგან ერთ-ერთმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი ხედვები ეკლესიაში დღეს არსებული მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების შესახებ, რაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ეკლესიის გაძლიერება-განმტკიცებისა და ჩვენი საზოგადოების სულიერი ერთობის მისაღწევად გადასადგმელ ნაბიჯებს წარმოადგენს: 1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების სრულ თანხმობაში მოყვანა (ჰარმონიზაცია) ტრადიციასთან და თანამედროვეობის გამოწვევებთან. დებულება, როგორც ეკლესიის სტრუქტურული წესრიგის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სრულ თანხმობაში უნდა იყოს სამოციქულო ტრადიციასთან, კანონიკურ სამართალთან (სჯულის კანონთან) და ეკლესიის მამათა სწავლებასთან. ამჟამინდელ დებულებაში არსებობს რიგი ნორმებისა, რომლებიც ზოგიერთი საკითხის მიმართ ბუნდოვან განმარტებას იძლევა, ანდა ნაწილობრივ სცილდება საეკლესიო წესრიგის ტრადიციულ აღქმას. ასეთი შეუსაბამობა (ან თუნდაც ბუნდოვანება) იწვევს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და სამართლებრივ გაუგებრობას. ამასთან, დებულების სხვადასხვა ნაწილები ზოგჯერ ვერ სცემს საკმარისად მკაფიო პასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, ან საერთოდაც არ იძლევა პასუხს, რის გამოც ირღვევა წონასწორობა ეკლესიის უცვალებელ საფუძვლებსა და ცვალებად გარემო პირობებს შორის. საკითხის გადაჭრა საჭიროდ მიგვაჩნია საეკლესიო დებულების განახლება, რაც უნდა განხორციელდეს ეკლესიის სწავლებისადმი შეუვალი ერთგულებითა და სინოდალური (კრებსითი) სიბრძნით. აღნიშნული პროცესი უნდა დაეფუძნოს: ა) წმინდა მამათა სწავლების კვლევასა და გააზრებას; ბ) მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონთა კვალიფიციურ განმარტებას; გ) ეკლესიის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებას. ამ მიზნით საჭიროა შეიქმნას კომისია, რომელშიც გაერთიანდებიან მღვდელმთავრები, ღვთისმეტყველები, კანონისტები და ა.შ. მათი ამოცანა იქნება არსებული ნორმების გადახედვა, ბუნდოვანი ან სადავო ადგილებისა და მუხლების დაზუსტება და იმგვარი რედაქციის შემუშავება, რომელიც, ერთი მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება ტრადიციასთან და ასევე უპასუხებს დროს, ეპოქას, რომელშიც ეკლესია ახორციელებს ღვთივკურთხეულ სამოციქულო მისიას. განახლებული დებულება უნდა იქცეს ეკლესიის ერთობის მყარ საფუძვლად, რათა მისი ყოველი ნორმა გამოხატავდეს ცოცხალ საეკლესიო სულს. ამ გზით შესაძლებელი გახდება ეკლესიის ცხოვრების წარმართვა ერთობითა და სიბრძნით, რათა „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ“ (1 კორ. 14:40). 2. კრებსითი მმართველობის გაძლიერება. ეკლესიის მმართველობის კრებსითი ბუნება, რომელიც სათავეს იღებს მოციქულთა ეპოქაში და ნათლად არის გამოხატული იერუსალიმის კრების სიტყვებში - „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ (საქმე, 15:28), დღესაც რჩება ეკლესიის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ სწავლებად და მოწოდებად. სამწუხაროდ, ჩვენს საეკლესიო მმართველობის პრაქტიკაში შეინიშნება კრებსითობის პრინციპის ნაწილობრივი ფორმალიზაცია, როდესაც სინოდის სხდომები ვერ ასრულებს სრულად იმ პასუხისმგებლობით დატვირთულ მისიას, რაც მას ეკისრება სამოციქულო ტრადიციის თანახმად. აღნიშნული ვითარება ზოგ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ გადაწყვეტილებები არ გადის საკმარისად ფართო განხილვის, საფუძვლიანი შესწავლისა და მომზადების პროცესს, რაც (დიდი ალბათობით) ნეგატიურად შეიძლება აისახოს მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, სინოდის სხდომათა არასაკმარისი სიხშირე ზღუდავს ეკლესიის შესაძლებლობას, დროულად და ერთობით უპასუხოს აქტუალურ პრობლემებს. ამ ჭრილში საყურადღებოა მოციქულ პავლეს მოწოდება: „რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორ. 1:10), რაც გულისხმობს არა მხოლოდ დოგმატურ საკითხებში ერთობას, არამედ მმართველობით თანხმობასაც. საკითხის გადაჭრა. საჭიროდ მივიჩნევთ კრებსითი მმართველობის არსობრივ გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სინოდის სხდომათა რეგულარობის ზრდას - მიზანშეწონილია და აუცილებელიც, რომ გაიზარდოს წლიურად წმიდა სინოდის შეკრებათა რაოდენობა, რათა ეკლესიამ შეძლოს უფრო აქტიური, ცოცხალი და პასუხისმგებლიანი მონაწილეობა კეთილმორწმუნე მრევლის ცხოვრებაში. წმიდა სინოდის ყოველი სხდომა არის ნამდვილი სულიერი საკრებულო, სადაც მღვდელმთავრები, სულის წმიდის მადლითა და შეწევნით, ერთობლივად განიხილავენ, იმსჯელებენ და სათანადოდ შეაფასებენ ეკლესიის წინაშე მდგომ საკითხებს (გამოწვევებს). ამ პროცესის კეთილად განხორციელებისთვის აუცილებელია: ა) წმიდა სინოდის თითოეული წევრი მღვდელმთავრის აქტიური ჩართულობა; ბ) საკითხების წინასწარი მომზადება და საფუძვლიანი განხილვა; გ) მიღებული გადაწყვეტილებების საერთო პასუხისმგებლობით აღსრულება; დ) მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელება. ამგვარი მიდგომა ეფუძნება წმინდა წერილის სულისკვეთებას: „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18:20), რაც მიუთითებს წმიდა კრებულის მადლმოსილ მნიშვნელობაზე ეკლესიის ცხოვრებაში. კრებსითი მმართველობის გაძლიერება და სინოდის სხდომათა სიხშირის ზრდა განამტკიცებს ეკლესიის ერთობას, გააღრმავებს მღვდელმთავართა თანამონაწილეობას სრულიად საეკლესიო ცხოვრებაში და უზრუნველყოფს ეკლესიის ცხოვრების ჭეშმარიტ კრებსით ხასიათს, სადაც ყოველი გადაწყვეტილება იბადება საერთო სულიერი გამოცდილებისა და განჭვრეტის შედეგად. 3. მღვდელმსახურთა სოციალური მხარდაჭერა. ეკლესიის მსახურთა საზრდო არის მნიშვნელოვანი საკითხი და უშუალოდ უკავშირდება მათი სამოძღვრო მსახურების სრულყოფილად აღსრულებას. დღესდღეობით, ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს სასულიერო პირთა სოციალური მდგომარეობა დალხენილია. სინამდვილეში კი მღვდელმსახურთა მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვინც პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მოღვაწეობენ, და თან ოჯახური პასუხისმგებლობაც აკისრიათ, შეჭირვებულ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება არა მხოლოდ სოციალურ უსამართლობას წარმოშობს, არამედ გარკვეულწილად ართულებს მათ მსახურებასაც, ვინაიდან მატერიალური საზრუნავი ამცირებს იმ თავისუფლებას, რომელიც აუცილებელია სამოძღვრო მსახურების სრულყოფილად განხორციელებისთვის. აქვე დავსძენ: ამასთანავე, ზოგჯერ გაუმჭვირვალე ფინანსური პრაქტიკა აზიანებს საერთო სამწყსო ცნობიერებას. წმინდა წერილიც შეგვახსენებს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (ლუკა 10:7). ეკლესიის (ერისა და ბერის) პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ვიზრუნოთ, რომ ჩვენს სამღვდელოებას შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ შეძლონ მათზე დაკისრებული მისიის ღირსეულად განხორციელება. საკითხის გადაჭრა. აუცილებელია ეკლესიაში ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე და სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფის სისტემა. აღნიშნული სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სოლიდარობისა და სამართლიანი გადანაწილების პრინციპებს. მიზანშეწონილია: ა) შეიქმნას ცენტრალიზებული მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მინიმალურ სოციალურ სტანდარტს ყოველი მღვდელმსახურისთვის; ბ) დაწესდეს მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები ფინანსური რესურსების განაწილებისათვის; გ) გაძლიერდეს საეკლესიო სოლიდარობის კულტურა. ამგვარი მოწყობა არა მხოლოდ გააუმჯობესებს სასულიერო პირთა ყოფით მდგომარეობას, არამედ გაათავისუფლებს მათ ზედმეტი საზრუნავისაგან, რათა მთელი გულითა და ძალით ემსახურონ ღმერთსა და სამწყსოს. 4. სოციალური მსახურებისა და საეკლესიო სოციალური დოქტრინის განვითარება. ეკლესიის მისიონერული პასუხისმგებლობა მოითხოვს არა მხოლოდ სიტყვის ქადაგებას, არამედ სიყვარულით მოქმედებასაც, თუმცა, დღეს სოციალური მსახურება ხშირად არ არის სისტემურად ჩამოყალიბებული და ერთიანი ხედვით წარმართული. შედეგად, ეკლესიის პასუხი ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა სიღარიბე, მიგრაცია, ოჯახური კრიზისი და ახალგაზრდობის სეკულარიზაცია, ხშირად ფრაგმენტულია. ამასთანავე, განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს თანამედროვე ეთიკური, ბიოეთიკური და ტექნოლოგიური პრობლემები - მედიცინის მიღწევები, სიცოცხლის დასაწყისისა და დასასრულის საკითხი, ხელოვნური ინტელექტი და სხვ., სადაც ეკლესიის მკაფიო და ერთიანი პოზიციის არქონა მორწმუნეებში იწვევს დაბნეულობას. საკითხის გადაჭრა. აუცილებელია ჩამოყალიბდეს სოციალური მსახურების სისტემური ფორმები და ამავდროულად შეიქმნას ეკლესიის სოციალური დოქტრინის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ერთიან ხედვასა და პრინციპებს. მიზანშეწონილია: ა) შემუშავდეს სოციალური დოქტრინის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სოციალურ საკითხებს, ასევე თანამედროვე ეთიკურ, ბიოეთიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს; ბ) ეპარქიების დონეზე ჩამოყალიბდეს სოციალური მსახურების პროგრამები, რომლებიც იმოქმედებენ აღნიშნული დოქტრინის საფუძველზე; გ) მომზადდეს სასულიერო და საერო კადრები სოციალური მსახურებისათვის; ამის შედეგად ეკლესია შეძლებს მკაფიო სულიერ-ეთიკური ორიენტირების მიცემას მრევლისა და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის. 5. საღვთისმეტყველო განათლება და მისიონერობა. ეკლესიის საგანმანათლებლო და მისიონერული მსახურება დღეს საჭიროებს უფრო სისტემურ, ერთიან და სიღრმისეულ განვითარებას. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ტრადიციულად წარმოადგენდნენ სულიერ-საგანმანათლებლო ცხოვრების კერებს, სრულად ვერ ახორციელებენ ამ ფუნქციას თანამედროვე პირობებში. ამასთანავე, უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების სფეროში არსებობს განვითარების საჭიროება, რათა მომზადდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სასულიერო პირები. მისიონერული საქმიანობა უნდა იყოს უფრო მეტად ორგანიზებული და მიზანმიმართული, რათა ეკლესიის ხმა სრულად მისწვდეს ყველა სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. უფალი ბრძანებს: „წარვედით და მოიმოწაფენით“ (მათ. 28:19). ეკლესია მოწოდებულია გააძლიეროს თავისი საგანმანათლებლო და სამოძღვრო მოწმობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საკითხის გადაჭრა. აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლებისა და მისიონერული საქმიანობის ერთიანი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება. ამ მხრივ მიზანშეწონილია: ა) მონასტრებში საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერება, რათა ისინი იქცნენ სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრებად; ბ) უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების განვითარების ხელშეწყობა, აკადემიური პროგრამების დახვეწა, სამეცნიერო კვლევების წახალისება და მაღალი კვალიფიკაციის სასულიერო და საერო კადრების მომზადება; გ) მიზნობრივი მისიონერული პროგრამების შექმნა და განხორციელება, სამღვდელოებისა და ეკლესიური გამოცდილების მორწმუნეთა აქტიური მონაწილეობით; დ) ქართული ეკლესიის უნიკალური საღვთისმეტყველო და სულიერი მემკვიდრეობის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე, თარგმანების, აკადემიური თანამშრომლობებისა და საერთაშორისო ფორუმებში აქტიური ჩართულობის გზით. ამგვარად, ეკლესია განამტკიცებს თავის სამოციქულო მისიას, გააძლიერებს ქრისტიანულ განათლებას და ღირსეულად დაამოწმებს თავის ტრადიციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. 6. ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა. თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდობის ნაწილი რჩება ეკლესიური ცხოვრების მიღმა ან მასთან მხოლოდ ფორმალურ კავშირში, რაც გამოწვეულია როგორც სეკულარიზაციის გავლენით, ისე განპირობებულია სულიერ-საგანმანათლებლო მუშაობის სიმცირით. შედეგად სუსტდება მათი მონაწილეობა ეკლესიის ლიტურგიკულ, საგანმანათლებლო და სოციალურ ცხოვრებაში. საკითხის გადაჭრა. აუცილებელია ახალგაზრდობაზე ორიენტირებული პროგრამების განვითარება, რომლებიც მოიცავს წმინდა წერილისა და ეკლესიის სწავლების გააზრებულ შესწავლას, ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჩართვას და სოციალურ მსახურებას. ამ მიზნით უნდა განვითარდეს ლოკალური საგანმანათლებლო ჯგუფები, შემეცნებითი პროგრამები, ციფრული პლატფორმები, რათა ახალგაზრდობის მონაწილეობა გადაიზარდოს საეკლესიო ცხოვრებაში. 7. საეკლესიო ტრადიციის დაცვა. წუთისოფლად ეკლესიის მისია დაფუძნებულია სამოციქულო მემკვიდრეობაზე, წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე, რომელთა შესახებაც გვამცნობს წმიდა მოციქული პავლე: „მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (შდრ.: 2 თეს. 2:15). თუმცა, ჩვენს დროში შეინიშნება ტრადიციის არასწორი გაგება ან მისი მრუდე ფორმით გადმოცემა, რაც ზოგჯერ იწვევს ეკლესიური ცხოვრების არსის დამახინჯებასა და სულიერი საზრისის დაკნინებას. საფრთხეს წარმოადგენს როგორც ტრადიციის უგულებელყოფა, ისე მისი ფორმალისტური აღქმა, რომელიც მოკლებულია სულიერ შინაარსს. ასეთ ვითარებაში ირღვევა ის უცვალებლობა, რომელზეც მიგვითითებს წმინდა წერილი: „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13:8). საკითხის გადაჭრა. აუცილებელია საეკლესიო ტრადიციის სიღრმისეული გააზრება და მისი სწორი გადმოცემა თანამედროვე ადამიანისათვის, ისე რომ არ შეილახოს მისი არსი. ამ მიზნით საჭიროა: ა) წმინდა გარდამოცემის საფუძვლიანი სწავლება და განმარტება, როგორც სასულიერო, ისე საერო წრეებში; ბ) ეკლესიურ ცხოვრებაში მცდარი და არატრადიციული პრაქტიკების აღმოფხვრა; გ) ტრადიციის ცოცხალი გადაცემა ლიტურგიკულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ეკლესია მოწოდებულია სიბრძნითა და სულიერი განჭვრეტით განასხვაოს ჭეშმარიტი და მცდარი, რათა შეურყვნელად დაიცვას თავისი ტრადიცია და ღირსეულად გადასცეს ის მომავალ თაობებს. 8. საზღვარგარეთის ეპარქიები და დიასპორასთან ურთიერთობა. მრავალი ჩვენი თანამემამულე დღეს უცხოეთში ცხოვრობს, რის შედეგადაც რეალურ საფრთხედ იკვეთება სულიერი განშორება დედა ეკლესიასთან და ეროვნულ ფესვებთან. დიასპორაში მცხოვრებ ქართველებს ხშირად არ აქვთ საკმარისი წვდომა მშობლიურ კულტურასთან. ამ ვითარებას ემატება თანმდევი ასიმილაციის პროცესები, რაც იწვევს ენობრივი და ეროვნული იდენტობის შესუსტებას და საბოლოოდ აზიანებს ეკლესიური ერთობის განცდას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ის დიდი ღვაწლი, რომელსაც საქართველოს ეკლესიის საზღვარგარეთ მოქმედი ეპარქიები და მათი მმართველები ეწევიან. ისინი, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული რესურსების პირობებში, ასრულებენ არა მხოლოდ საღვთისმსახურო (ლიტურგიკულ) ფუნქციას, არამედ ქმნიან ქართული სულიერების, კულტურისა და განათლების კერებს. სწორედ მათი ძალისხმევით ინარჩუნებს მრავალი ქართველი კავშირს ეკლესიასთან და ეროვნულ ცნობიერებასთან. მიუხედავად ამისა, არსებული გამოწვევების მასშტაბი საჭიროებს ამ მსახურების კიდევ უფრო გაძლიერებასა და სისტემურ მხარდაჭერას. საკითხის გადაჭრა. საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ ამოცანად უნდა ჩამოყალიბდეს დიასპორასთან ცოცხალი და ქმედითი ურთიერთკავშირის განმტკიცება. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საზღვარგარეთ არსებული ქართული ეპარქიების ყოველმხრივი გაძლიერება და განვითარება. ქართული სულიერების ამ კერებში კიდევ უფრო დიდი მასშტაბით უნდა განხორციელდეს ქართული ენის სწავლება, ეკლესიური განათლების გავრცელება და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საზღვარგარეთ მოღვაწე სასულიერო პირთა ღირსეულ მატერიალურ უზრუნველყოფას. ამგვარი თანმიმდევრული და გააზრებული მიდგომით დედა ეკლესია შეძლებს არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ განამტკიცოს თავისი შვილები უცხოეთში, რათა ისინი დარჩნენ ერთობაში სამშობლოსთან და ეკლესიასთან, ერთგულად დაიცვან თავიანთი სარწმუნოება, ენა და ეროვნული იდენტობა. 9. დასკვნა ყველა ზემოთ განხილული საკითხის გადაჭრა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველად ამოცანად გვესახება. მათი ეფექტიანი დაძლევისა და მოგვარების შემდეგ ჩვენმა დედა ეკლესიამ თანამედროვეობაში შექმნილი და წამოჭრილი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზებისა და გადაჭრის გზებზე უნდა იფიქროს. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შემდეგი: ამ საკითხების გადაჭრის პროცესში დიდად გვეიმედება მთელი ქართული საზოგადოება და მედია-სივრცე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული მედიის წარმომადგენელთა თანამშრომლობა სრულად კონსტრუქციულ რეჟიმში გადაინაცვლებს, რაც შესაძლებელს გახდის ჩვენი სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის, დედა ეკლესიისა და მისი მრევლის თითოეული წევრის ღირსეულ სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრებას". - ნათქვამია განცხადებაში.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)