2025-12-18 12:00:53, 16967 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი - პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს დღეს ევროკავშირს
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არიან.
„დისკუსიის ნაცვლად – ზიზღი, ფაქტების ნაცვლად – ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად – ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები წინასწარ დადგმული სცენარით იყო შემუშავებული, თუმცა რეალობას იყო აცდენილი, რადგან გათვლილი იყო იმ სიტუაციაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლებას გამოძიება ჯერ ჩატარებული არ ჰქონდა.
„BBC-ის ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები, თუმცა ერთი რამ ვერ გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ BBC-ის რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი და სინამდვილეში გამოძიება არ ჩატარდებოდა. ეს ტექსტები, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის გამზადებული ტექსტები იმ დროისთვის, როცა არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი არ ხდება საქართველოში და ახლა მოუწოდებენ გამოძიებას, ეჭვები არსებობს „კამიტზეო“, თუმცა ეს წინასწარ დაწერილი ტექსტები კვლავ ასცდა რეალობას. არაადეკვატური იყო, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა თქვა, - თუკი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას, აქვს რაიმე კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, აგერ არიან სამართალდამცველი ორგანოები, მზად ვართ ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ. ამიტომ აცდენილი იყო გუშინდელი განცხადებები და ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელმაც აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღად სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმისა. ვნახეთ ჩვენ აშშ-ზე ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ის გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ვნახეთ საქართველოზე თავდასხმა BBC-ის გამოყენებით. ეს თავდასხმა ჩაიშალა, გუშინ ვნახეთ უბრალოდ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღზე, რომელიც უკვე სასაცილოდ აქვს ყველას, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც, თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამ ცრუ ნარატივზე.“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|